შემოგვიერთდი

13.11.2012 11:55

„პიკი“ 2013 წლიდან აღარ იმაუწყებლებს

მაია წიკლაური

საზოგადოებრივი მაუწყებელის მესამე არხი, „პიკი“ 2013 წელს აღარ იმაუწყებლებს - ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეურვეო საბჭოს 12 ნოემბერს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

საბჭოს წევრებს მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა წერილით მიმართა და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, „პიკისთვის“ დამატებითი სახსრები 2013 წლის ბიუჯეტში გათვალიწინებული არ არის.

„შესაბამისად, მოკლებული ვართ საშუალებას 2013 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს ფარგლებს გარეთ რუსულენოვანი მოსახლეობისთვის მაუწყებლობის მიზნით გამოაცხადოს ტენდერი მესამე არხის მაუწყებლობისთან დაკავშირებით შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე“, - წერს გია ჭანტურია სამეურვეო საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში.

Media.Ge 2013 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტარ, ანი მიროტაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მთლიანად 2013 წელს მხოლოდ 31 მილიონ 800 ათასი ლარია განსაზღვული.

"არ ვიცი ამ ბიუჯეტში "პიკის" დაფინანსება შედის თუ არა, მაგრამ ცალკე ამ ტელევიზიისთვის ბიუჯეტში დაფინანსება არ არის გამოყოფილი", - განუცხადა ანი მიროტაძემ Media.ge-ს.

გასულ წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ტელეკომპანია "პიკ"-ის დაფინანსების (14 მილიონი ლარი) გათვალისწინებით 55 მილიონი ლარი იყო. 

ჭანტურიამ მაუწყებლისათვის გაგზავნილ წერილში ბიუჯეტის გარდა სხვა საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ „პიკის“ მმართველ შპს „ტელეკომპანია პიკთან“ კვლავ არსებობს სადაო საკთხები, მაგალითად, სატელიტურ კომპანია „გლობქასტთან“ დაკავშირებული გაუგებრობა, რის გადაწყვეტასაც შესაძლოა  გარკვეული პერიოდი დასჭირდეს.

ამან „შესაძლოა გამოიწვიოს ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯები, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია გაუქმდეს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შპს „ტელეკომპანია პიკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხელშეკრულება - იჯარის, სასპონსორო თუ სალიცენზიო“, - ნათქვამია წერილში.

გია ჭანტურიამ სამაურვეო საბჭოს სხდომზე განაცხადა, რომ საზოგაოდებრივი მაუწყებელი გარკვეულ პროგრამებს შეიმუშავებს რუსულენოვანი მოსახლეობისთვის, რომელიც მეორე არხით გავცელდება.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია იმაუწყებლოს სამ სატელევიზიო და რადიო არხზე, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიხშირე არ არის, მესამე არხის ფუნქციონირება მხოლოდ სატელიტითაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე თუ მესამე არხი მაუწყებლობას საერთოდ შეწყვეტს, კანონი არ დაირღვევა.

„მესამე არხის ფუნქციონირების არანაირი ვალდებულება არ გვაქვს. ეს იყო კეთილი ნება როგორც სახელწიფოსი, ისე საზოგაოდებირვი მაუწყებლის. 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსულენოვანი მოსახლეობისთვის მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიწოდება“, - განაცხადა გია ჭანტურიამ.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მის მმართველ კომპანია შპს „ტელეკომპანია პიკთან“ ურთიერთობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიძაბა. საზოგადოებრივა მაუწყებელმა მაშინ ყველა ხელშეკრულება შეაჩერა და განაცხადა, რომ ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი გახდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე (გლობქასტი), „რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა“.  2012 წლის დასაწყისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ტელეკომპანია პიკი“ მესამე არხის მმართველი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა  ყოფილიყო.

Media.Ge ამ საკითხთან დაკავშირებით ვერც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, ვერც „პიკის“ მმართველი კომპანია შპს "ტელეკომპანია პიკის" ხელმძღვანელობას ვერ დაუკავშირდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test