შემოგვიერთდი

26.11.2012 10:23

ინგა გრიგოლია ტოქშოუს გაკეთებას საზოგადოებრივ მაუწყებელში გეგმავს

მაია წიკლაური

ჟურანალისტი ინგა გრიგოლია, რომელმაც ოპოზიციური „ქრიტიან დემოკრატიული მოძრაობა“ რამდენიმე თვის წინ დატოვა, პოლიტიკური ტოქშოუს გაკეთებას საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გეგმავს.

როგორც ინგა გრიგოლია Media.Ge-სთან საუბრისას აცხადებს, კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა მოლაპარაკებები თითქმის უკვე დასრულებულია.

„ახლა მოლაპარაკებების ისეთი ეტაპია, რაც, ჩემი აზრით, წარმატებით უნდა დასრულდეს. ჩემ მიერ შეთავაზებული პროექტი მათთვის  მისაღები აღმოჩნდა“, - აღნიშნა ინგა გრიოლიამ. მისი თქმით, პროექტი მაშტაბურ პოლიტიკურ ტოქშოუს გულისხმობს, რომელიც რამდენიმე სტუმრისა და დარბაზის მონაწილეობით გაიმართება. პირდაპირ ეთერში კი საათნახევრის განმავლობაში საღამოს გადაიცემა.

„დღეს ამ ტიპის გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არ არის. ერთერთი მიზეზი ეს იყო, რატომაც შევთავაზე  ჩემი პროექტი. სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში კონტრაქტს გავაფორმებ და შემდეგ დავიწყებ“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ გადაცემა უშუალოდ პირველი არხის ბაზაზე მომზადდება.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკას ტელეკომპანია „მზერა ტვ“-ში დაუბრუნდებოდა, რომელიც ახლა ყალიბდება და ეთერში გასვლას თებერვლიდან გეგმავს. გრიგოლია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი და „მზერა ტვ“-ს თანამშრომლობა მხოლოდ იმიტომ არ შედგა, რომ ტელეკომპანიის გეგმებში საწყის ეტაპზე პოლიტიკური ტოკშოუ არ შედიოდა.

„ჩემი შეთავაზებული პროექტი არ იყო პრიორიტეტული „მზერა ტვ“-სთვის, ამგვარი ტოქშოუების გაშვებას გახსნისთანავე არ აპირებენ. ბუნებრივია, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „მზერა ტვ“ ჩემს გარეშე დაიწყებს მაუწყებლობას“, - თქვა ინგა გრიგოლიამ.

ინგა გრიგოლია წლების განმავლობაში მუშაობდა პირველ არხსა და ტელეკომპანია „მზეზე“, პოლიტიკური ტოქშოუები მიჰყავდა ტელეკომპანია „იმედსა“ და "რუსთავი 2"-ის ეთერშიც. ის ჟურნალისტიკიდან 2010 წელს "იმედის" ყოფილი ჟურნალისტების მიერ შექმნილ პარტიაში, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობაში“ გაწევრიანდა. იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი გლდანის მაჟორიტარი კანდიდატად წარადგინეს, თუმცა საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოხსნა და პარტიაც დატოვა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test