შემოგვიერთდი

16.01.2013 11:13

„ზაზა დარასელის ფონდი“ მიღებულ გრანტს კულტურული მედიის განვითარებისთვის გამოიყენებს

მაია წიკლაური

„ზაზა დარასელის ფონდი” პრეზიდენტის ფონდიდან მიღებულ ორასი ათას ლარს კულტურული მედიის განვითარებისთვის გამოიყენებს - ამის შესახებ “ზაზა დარასელის ფონდის” ხელმძღვანელმა, ნინო დარასელმა Media.Ge-ს განუცხადა.

დარასელის თქმით, ფონდი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს გრანტს კულტურული პროექტებისთვის.

“ეს შეიძლება იყოს პერფორმანსები, არტაქციები, საგამოფენო სივრცე, მულტიმედიური პროექტი. გრანტი გაიცემა როგორც სოციალური მედიისთვის, ისე ბეჭდური და სხვა ტიპის მედიებისთვის”, - ამბობს დარასელი.

„ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრები არიან რუსუდან კერვალიშვილი და ნიკოლოზ ბერიძე. გამგეობის თავმჯდომარე ნინო დარასელია. ორგანიზაცია 2001 წელსაა დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ მეორე ორგანიზაცია, რომელმაც პრეზიდენტის ფონდიდან გრანტი, 800 ათასი ლარი მიიღო "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტია". ის ამ თანხას თავისუფალი მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პროგრამების განსახორციელებლად გამოიყენებს.

„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტი“ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის და თავისუფალი მედიის როლის გასაზრდელად გამოიყო, რომელიც კონკურსის მიხედვით გამოვლენილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ზე უნდა გადანაწილებულიყო.

პრეზიდენტის მიერ „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტებისთვის“ გამოყოფილი მილიონი ლარი კონკურსში მონაწილე ორ ორგანიზაციაზე გადანაწილდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test