შემოგვიერთდი

29.01.2013 16:38

შალვა რამიშვილი „მაესტროზე“ აღარ იმუშავებს

თაკო ფარადაშვილი

შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია  „მაესტრო“ დატოვა, ამის შესახებ მან საკუთარ საავტორო გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ განაცხადა.

„ვტოვებ ამ ტელევიზიას ძალიან კეთილგანწყობილი ხელმძღვანელობისა და ჩემი კოლეგების მიმართ. უბრალოდ, მე ჩემი თავი ალბათ ამ ტელევიზიაში ამოვწურე და ახალ პერსპექტივებსაც ვეთამაშები", - აღნიშნა რამიშვილმა და დასძინა, რომ მაყურებელს შესაძლოა სხვა ტელევიზიაში შეხვდეს.

"ჩავთვალე, რომ ჩემი იდეები სხვა ტელევიზიაში უფრო განვითარდება ვიდრე აქ. სხვა არხზე ჩემი გადაცემების ფორმატი "მაესტროს" გადაცემებისგან განსხვავებული იქნება" – განუცხადა მან media.ge-ს.

"მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი, ლუბა ელიაშვილი არ გამორიცხავს, რომ რამიშვილმა სწორედ მის არხზე დაიწყოს მუშაობა.

"მე და შალვას დიდი ხანია ათასი იდეები გვაქვს და ვურთიერთობთ ხოლმე. ბევრჯერ გვილაპარაკია გადაცემებზე. " "ინფო ტვ" რომ კეთდებოდა მაშინაც კი მე და შალვა ბევრ რამეს ვფიქრობდით. მაშინ ვერ შედგა ჩვენი ტანდემი და ახლა ვნახოთ," –ამბობს ელიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „მაესტროზე“ ახალი წლის შემდეგ აღარ გასულა გადაცემა „შალვა რამიშვილის დილა“. არხის ერთ–ერთი დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის განმარტებით, ამის მიზეზია ის, იყო რომ გადაცემის თემატიკა არ პასუხობდა ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციას.

რამიშვილს „მაესტროზე“ გაზაფხულიდან უნდა წაეყვანა გადაცემა „ღამის შოუ შალვა რამიშვილთან“ ერთად.

არხის გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის თქმით, რამიშვილთან სიტყვიერი მოლაპარაკებით მუშაობდნენ, კონტრაქტი არ დარღვეულა. "არანაირი კონფლიქტი ან დაძაბულობა არ ყოფილა" ამბობს კიკაბიძე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test